საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლებს შორის მინი-ფეხბურთის ყოველწლიური ჩემპიონატი გაიმართა.
სპორტულ შეჯიბრში უწყების ათი გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს თბილისის მთავარი სამმართველო და სპეციალური დანიშნულების რაზმის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი სპეციალური დანიშნულების რაზმის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილი საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გუნდმა დაიკავა.
თამაშის დასრულებისთანავე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს.
მსგავსი სპორტული აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამშრომლებს შორის გუნდური სულისკვეთებისა და მეგობრული ატმოსფეროს გაძლიერებას. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და საგამოძიებო სამსახურის გუნდის ერთიანობის წახალისების მიზნით მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი ტრადიციულად მომავალშიც ჩატარდება.